4 June


ისე მეძინება, რომ თვალის დახამხამებისაც კი მეშინია – ხალხური
სამყაროსეული კანონზომიერებაა: დღისით უნდა გეღვიძოს და ღამით - გეძინოს.
თუმცა, კანონის ზომიერება სამყაროში ხშირად ირღვევა და თუ დღისით ძილი ბევრს არავის უკვირს, ღამის გათენებას გაცილებით უფრო ეგზოტიკური ელფერი ენიჭება. შესაბამისად, “აუ, გუშინ ღამე გავათენე, ორი ღამეა არ მიძინია” “შუადღისას მეძინა, ორზე გავიღვიძე-ზე გაცილებით ხშირად გვესმის და თანაც ეს სიტყვები თითქმის ყოველთვის რაღაცნაირი სიამაყით არის ნათქვამი. ღამისთევას კი ბევრი მიზეზი აქვს: მოვალეობის ძახილი <<“ჩვენ გვიცავს ჩვენ პოლიცია”>>, რწმენის ყოველწლიური დასტური <<“აუ, გოგო ღამისთევაზე ვიყავი გუშინ და…”>>, ბიბლიოფილია <<“ისეთი საინტერესო წიგნი იყო, რომ აი, აი… სანამ უკანა ყდა არ დავხურე, იქამდე საბანი არ დამიხურავს”>>, უკიდეგანო სევდა<<“იცის, როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე…”>>, სადღეღამისო საქმე <<“რა ძილი? ღადაო-ობ… ისეთი დაკავებული ვარ, თავსაც გრაფიკით ვიფხან”>>, ჭარბი ალკოჰოლი <<“მთელი ღამე უნიტაზს ვიყავი ჩახუტებული”>>, ვერაგი ინტერნეტი <<“შევყევი ჭორაობას, ფილმებს, რაღაცეების თვალიერებას”>> და სხვა მრავალი.
თუმცა, ღამისთევა მის შესახებ სხვათა ინფორმირებულობის გარეშე ყველანაირ ხიბლს კარგავს. შესაბამისად, მეორე დღეს შეუპოვრად ვცდილობთ, რომ ჩვენი “მთენებლობითი უნარები” ყველგან დავაფიქსიროთ <<“რავი, ბიჭო, არ მეძინა წუხელ…”, “მამლები ყიოდნენ უკვე, რომ ჩამეძინა”, “დილით რვაზე დავიძინე და როცა გავიღვიძე, ლამის ისევ ძილის დრო იყო”, “ბოდიში, გუშინ თვალი არ მომიხუჭავს და…”>>.
სტატუსით ჩვენივე ღამისთევაზე ირიბნაირად მინიშნების მცდელობაა. მეთოდი ბევრია:
ა) მივუთითოთ დრო (მეტი სიკეკლუცისათვის გამოვიყენო AM – PM მოდელი) – სხვაგვარად, რთულია მიხვდე, რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს - “06:18…” - ტიპის სტატუსებს, სადაც დროსდართულ მრავალწერტილში ადამიანის მთელი სულიერ-ფსიქიკური მდგომარეობა და ღამისთევის შედეგად გააზრებული მსოფლიო სევდაა მოქცეული. ასეთ მომენტებში, აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ვინმე მასტიმულირებელი, რომელიც “წასვლისა და დაძინებისკენ” მოგვიწოდებს. თავად კი ჩვენი რეკორდის გაუმჯობესების შემდეგ, ნახევარ საათში - “06:48… Time to sleep”-ს დაასტატუსებს და დასაძინებლადაც მშვიდი სინდისით გაემართება.
) ვიწუწუნოთ ინსომნიაზე (ოღონდ აი “ინსომნიაზე” და არა “უძილობაზე”) – დაე, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ არამხოლოდ ღამეებს ვათევთ, არამედ უცხო სიტყვებიც ვიცით. თან, თავის გასამართლებლად, კომენტარებში უნდა მივუთითოთ, რომ უკვე… “ცხვრებიც დავთვალეთ, პარლამენტის სხდომებიც გავიხსენეთ, მზით განათებულ კუნძულზე ზღვის პირას ჰამაკში წოლაც წარმოვიდგინეთ, სპეციალურადაც ვამთქნარეთ, წყნარ მუსიკასაც ვუსმინეთ, ყავაც კი არ დაგვილევია, მაგრამ… მაინც არ გვეძინება”. ასეთ დროს აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ინსომნირებული, რომელიც დაგვამშვიდებს, დაგვიყვავებს და ჩაძინების რამდენიმე პრაქტიკულ ხერხს გვასწავლის.
) გავაზიაროთ მუსიკა და დავურთოთ კომენტარი, რომ “არ გვეძინება” – სიმღერა, რა თქმა უნდა, ღამის შესაბამისია. წყნარი – ყოველგვარი გიჟმაჟური მისამღერების გარეშე. აი, ისეთი – სენტიმენტების მოძალებისა და ჩიტების რიჟრაჟისეული ჟღურტულის დროს რომ მოუსმენს ადამიანი. მსგავსი ქმედება საუკეთესო არგუმენტია კაეშანმაძიებელი ადამიანებისათვის იმის დასასკვნელად, რომ “თქვენ ღამე თეთრად სიყვარულის ან რამე ასეთის გამო გაათენეთ”.
) დავთაგოთ კომენტარში ჩვენი მეგობრების სიის ის წევრები, რომლებსაც ასევე არ სძინავთ და ერთად ვიღლაბუცოთ – თუმცა, “ხალხ, დავიძინოოოოოოოთ!!!!!” – ტიპის სტატუსებს – შედეგი, როგორც წესი, არასოდეს მოაქვს და პირიქით – კომენტართა ისეთ ორომტრიალში გადაიზრდება ხოლმე (ჭარბი იუმორისტული წიაღსვლებით), რომ ძილს საერთოდ გადაგაფიქრებინებს ადამიანს.
ხოლო თუკი უკიდეგანოდ გვიანია და ონლაინშიც მხოლოდ ისეთი ხალხია, რომლებიც მხოლოდ “და-like-ბის” სათხოვნელად გვახსენდება, მაშინ სტატუსშიც უბრალოდ იმას აღვნიშნავთ, რომ “ჩვენ გარდა კიდევ ორ/სამ/ოთხ ადამიანს ღვიძავს” და “რა არის, კაცო, რატომ არ იძინებენ, ვა!”.
პ.ს: თუკი ოდესმე ისეთი მძაფრი ღამისთევა მოგვიწია, რომ დაძინება დილის 10 საათზე გადავწყვიტეთ, შეგვიძლია სტატუსად – “გა-TEN-და”-ც გამოვიყენოთ.

No comments:

Post a Comment