წივილ-კივილი


მე მიყვარს მუსიკის მოსმენა ღია ცის ქვეშ.. გულაღმა წოლა ბალახზე და ცაში ყურება, ცალ ხელში სიგარეტი,მიყვარს ხალხის ხმაური გარშემო, კივილი, წივილი, სიცილი, გადატენილი სივრცე და ამავდროულად თავისუფალი, თვალგაუწვდენელი ჰორიზონტი.
მე მომწონს ჩრდილი და აჩრდილებთან თამაში..გაქრობა და მერე ისევ გამოჩენა..მონატრება და მონატრებულად ყოფნა..სასიამოვნო შეხვედრები და უცნობი ნაცნობების აღმოჩენა. ჩემს ოთახში წლების მერე კვლავ შემორჩენილი პოსტერები. სიმღერები, რომლებიც მახსენებს ამა თუ იმ მოვლენას, ხანდახან კი კონკრეტულ წუთს ან წამს.
მე არ ვიცი რა განწყობა მაქვს ამ მომენტში იმიტომ, რომ ეს მომენტი უკვე გასული იქნება, როდესაც მე მომდევნო წინადადების წერას დავიწყებ. არც ის ვიცი რატომ გადავეჩვიე წიგნების კითხვას და რატომ არ ვყიდულობ ძალიან ბევრ სასურველ ნაწარმოებს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი "ვერ მოვასწრებ დროულად წაკითხვას". 
მე ვერ ვიტან იმას, რომ ყველაფერს ვიტან. ვიტან სხვადასხვა დოზებით, გზებით თუ ჩიხებით. ყველაფრის გადაღეჭვა და გატარება შემიძლია. ფეთქებადი არ ვარ, ნელა ვიაზრებ და ასევე ნელა ვამუშავებ შემდეგ. არ ვზომავ ასჯერ, ვიდრე ერთხელ გავჭრი, მაგრამ არც წამიერი რეაქციები მაქვს. 
მე არ მაქვს ბევრი რამ, რაც მინდოდა მქონოდა. არ მაქვს ნიჭი მსახიობობის, მხატვრობის, მუსიკოსობის, ალბათ არც სიმღერის, თორემ რამე გამომივიდოდა.არ ვთვლი, რომ მჭირდება სიყვარულის ახსნები და დამტკიცებები, ზედმეტი ჩახუტებები და ლოყაზე სამჯერ გადაკოცნა.
მე მესმის, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს და ისე არ ჩანს, როგორც არის. არ შეიძლება ერთდროულად მზე იყოს და სიგრილე, ღრუბელი და სიცხე, წვიმა და გვალვა, ქარი და სასიამოვნო ბრიზი. რაღაც უბრალოდ ხდება იმიტომ, რომ უნდა მოხდეს და ჩაიბეჭდოს წინა დღეების უსასრულო ქრონიკაში. არ ღირს არაფრის შეცვლა იმიტომ, რომ საბოლოოდ მაინც მოსახდენი მოხდება. უბრალოდ ის რაც მოსახდენია, უნდა ავირჩიო მე ჩემთვის, შენ - შენთვის, ჩვენ - ჩვენთვის.

No comments:

Post a Comment